ვიზიტი ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში
2023 წლის 3–29 იანვრის პერიოდში ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, იოსებ კელენჯერიძემ, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სასწავლო ვიზიტი განახორციელა. ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო საჯარო სამართალში თანამედროვე თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების გაღრმავება. ასევე მსოფლიოში აღიარებულ იურისტებთან სამეცნიერო-სასწავლო გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა.
ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია 1923 დაარსდა, იგი ისტორიულ მშვიდობის სასახლეშია განთავსებულია. აკადემია ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ასამდე საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, მკვლევარსა და საჯარო პოლიტიკის სფეროში მომუშავე პროფესიონალს. მისი სასწავლო კურსები ფართოდაა აღიარებული წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ტრენინგ კურსებს უძღვებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სწავლების პროცესში მსმენელებს მიეცათ შესაძლებლობა გაემართათ დებატები გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეებთან. ასევე გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის და სხვადასხვა ევროპის სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, სადაც მიმოიხილეს საერთაშორისო სამართლის განვითარების ძირითადი გამოწვევები, ინსტიტუციური რეფორმები და თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების სამართლებრივი ასპექტები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში — მათ შორის საფრანგეთის, კანადის, საქართველოსა და ისრაელის საელჩოებში. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკის, სამართლებრივი თანამშრომლობისა და განათლების სფეროში მომავალ პერსპექტივებზე საუბარი, ასევე ერთობლივი პროექტებისა და სტაჟირების შესაძლებლობების განხილვა.
საერთაშორისო საჯარო სამართლის ინტენსიური სპეციალური კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები. ჰააგის აკადემიაში სერტიფიკატი გამოცდის შედეგად მოიპოვება და მაღალი პროფესიული კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს.
კომენტარები